/ აღმოაჩინე სამეგრელო, სამეგრელოს შესახებ

სამეგრელო საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი კუთხეა. ლანდშაფტების მრავალფეროვნება ქმნის სრულყოფილ ბუნებრივ გარემოს აქტიური დასვენებისთვის. აქ შეგიძლიათ იჯომარდოთ, იყვინთაოთ, გაცუროთ კანოეზე, შეისწავლოთ მღვიმეები, ილაშქროთ, დააკვირდეთ ფრინველებს და კიდევ უმრავი საინტერესო აქტივობით დაკავდეთ. სამეგრელო ასევე ცნობილია, როგორც ძირძველი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე კუთხე. ერთ-ერთი გამორჩეული მეგრული ტრადიცია უძველესი საცხენოსნო სპორტია, რომელმაც დღევანდელ პოლოს დაუდო სათავე.
სუბტროპიკული ტყეები, ზურმუხტისფესი ნაკადებით მოჩუქურთმებული კანიონები და მშვენიერი არქიტექტურა – ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, რთულია დატოვო სამეგრელო. მეგრელებს – ქართველთა ამ განსხვავებულ ქვე-ჯგუფს აქვს საკუთარი ენა და უძველესი კულინარიული და ღვინის ტრადიციები.

სამეგრელო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ნაწილია. ის ესაზღვრება იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს აღმოსავლეთით; რეგიონის დასავლეთით შავი ზღვის სანაპირო ზოლია; სამხრეთიდან კი გურიის რეგიონი. რეგიონის საერთო ფართობი მოიცავს: 7,5 ათასი კვ. კმ-ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 10.8% -ს შეადგენს.რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზუგდიდი.
სამეგრელოს რეგიონი მოიცავს 8 მუნიციპალიტეტს: აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებს და ორ თვითმმართველ ქალაქს: ფოთსა და ზუგდიდს.
სამეგრელო დიდი ისტორიის და განსაკუთრებული სილამაზის მატარებელია. უძველესი დროიდან აქ არსებული ასობით არქიტექტურული ძეგლი დღემდე შემონახულია. მათ შორისაა რელიგიური ნაგებობები, ეკლესიები, მონასტრები, ციხე-სიმაგრეები. ქართულ ენასთან ერთად, მეგრელები საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ, რომელსაც არ აქვს საკუთარი დამწერლობა და ეკუთვნის ქართველურ ენათა ჯგუფს.